ბოტულინოთერაპია
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ეფექტური საშუალება
დღეისათვის მსოფლიოში ინსულტი, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, მეორე ადგილზეა. ამასათანავე, ინსულტს პირველი პოზიცია უკავია, ინვალიდობის გამომწვევ დაავადებათა ნუსხაში.
ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ნევროლოგი ირინე ხატიაშვილი
T. 577 78 65 78
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მომოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც გარკვეული რისკ-ფაქტორების მქონე (როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მავნე ჩვევები) ადამიანებს ემართებათ.
დაავადების გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, ინსულტი შეიძლება განვითარდეს: თავის ტვინის მკვებავი არტერიის დახშობით, რასაც იშემიური ინსულტი ეწოდება ან არტერიის გასკდომის შედეგად თავის ტვინში სისხლის ჩაღვრით, რომელსაც ჰემორაგიული ინსულტი ეწოდება.
რა ასაკში შეიძლება განვითარდეს ინსულტი?
ინსულტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა მეტი რისკის ქვეშ არიან 55 წელს გადაცილებული პირები. ასაკის მატებასთან ერთად, ინსულტის განვითარების რისკიც იზრდება.
რა სიმპტომები ვლინდება ინსულტის დროს?
ინსულტის გამოვლინებები დამოკიდებულია ტვინის დაზიანებულ უბანზე. თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: კიდურებში ძალის დაქვეითება- პარეზი ან პლეგია, ანუ კიდურების დამბლა.
როგორც წესი, ინსულტის დროს ადგილი აქვს სხეულის ნახევრის დამბლას- ჰემიპლეგიას. ამას გარდა გვხვდება მეტყველების დარღვევა, მხედველობის პრობლემა და ა.შ.
ინსულტი მრისხანე და მძიმე დაავადებაა, რომელიც მაღალ ინვალიდიზაციას იწვევს და ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუარესებს. რა ნარჩენი მოვლენები შეიძლება ახასიათებდეს მას?
ჰემიპარეზი ან ჰემიპლეგია იწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას. შესაძლებელია მკურნალობის ფონზე ამ დაზიანების აღმოფხვრა მოხდეს, მაგრამ ხშირად კიდურებში ძალის სრულად აღდგენა არ ხდება, ან წინა პლანზე გამოდის სხვა პრობლემები, როგორიცაა დაზიანებული კიდურების კუნთების ტონუსის მკვეთრი მომატება, რაც ხელს უშლის ადამიანს მოძრაობაში, კიდურების ხმარებაში და პაციენტის უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება.
ინსულტგადატანილი ადამიანების 25% მთელი დარჩენილი ცხოვრება მუდმივ მოვლას საჭიროებენ. საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ინვალიდიზაციის მაღალი დონის ერთერთი მიზეზი ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის შესაძლებლობის ნაკლებობაა. რაიმე სიახლე ხომ არ არის დანერგილი ამ მიმართულებით?
ინსულტის შემდგომი ჰემიპარეზის და საერთოდ, ნებისმიერი სხვა პარეზის მკურნალობისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მედიკამენტებს, არამედ პაციენტის შემდგომ რეაბილიტაციას, რომელიც გულისხმობს კიდურების შეზღუდული ფუნქციის აღდგენას, რასაც მნიშვნელოვნად აფერხებს კუნთების მკვეთრი ჰიპერტონუსი.
კუნთოვანი ჰიპერტონუსის კორექციისთვის გამოიყება ბოტულინის ტოქსინის ინექციები. ბოტულინის ტოქსინის შეყვანის საშუალებით ხდება მოცემული კუნთის ტონუსის დაქვეითება ან ნორმალიზება, რის შედეგადაც პათოლოგიურ პოზაში მყოფი კიდურის მოძრაობის გაადვილება ხდება. კიდურის ფუნქციის აღსადგენად მხოლოდ ბოტულინის ტოქსინის გაკეთება საკმარისი არაა. ბოტულინის ტოქსინი ადუნებს კუნთს და სპეციალისტს უკეთესი რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს.
რა სიხშირითა და პერიოდულობითაა საჭირო ბოტულინის ტოქსინის ინექცია?
ბოტულინის ტოქსინის სათანადო დოზით გაკეთება კუნთების მოდუნებას 3-4 თვის განმავლობაში განაპიროებებს. პათოლოგიურად დაჭიმული კუნთების მოდუნების პერიოდში მიმდინარეობს პაციენტის რეაბილიტაცია. ბოტულინის ტოქსინის მოქმედების დასრულების შემდეგ, ხელახლა ფასდება კუნთების მდგომარეობა, დაჭიმულობის ხარისხი და ის, თუ რომელი ჯგუფის კუნთებში უნდა გაკეთდეს ბოტულინის ტოქსინი განმეორებით. საშუალოდ 3-4 თვეში ერთხელ საჭიროა ბოტულინის ტოქსინის ინექცია.
სპასტიურობის შემთხვევაში იდეალურია, როდესაც რაღაც ეტაპზე, საერთოდ აღარ დაგვჭირდეს ან მცირე დოზით, უფრო ნაკლებ კუნთში გახდეს საჭირო ინექცია.
რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პაციენტის ბოტულინოთერაპიით მკურნალობა?
სპასტიურობის გამოხატულების გათვალისწინებით, რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს. ბოტულინოთერაპია ტკივილის შესამცირებლად, ანუ სიმპტომური მკურნალობისთვისაც გამოიყენება.
ბოტულინოთერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა, იგი ლოკალურად კუნთში კეთდება და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.
რამდენი ხანია, რაც ინსულტისშემდგომი პერიოდის ბოტულინოტერაპიით მკურნალობაა დანერგილი თქვენს კლინიკაში და როგორია შედეგები?
მიუხედავად იმისა, რომ ინსულტისშემდგომ მკურნალობაში ბოტულინოთერაპია მსოფლიოში უკვე ოცი წელია დანერგილი, საქართველოში მხოლოდ ბოლო ორი წელი ხდება მისი ფართოდ გამოყენება.
ბოტულინოთერაპიის შემდეგ ხელ-ფეხის მოძრაობა თავისუფალი ხდება და შესაბამისად პაციენტების უმრავლესობა არ საჭიროებს დახმარებას ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: ტანსაცმლის ჩაცმა, ჭიქის დაჭერა, თმის დავარცხნა, პირადი ჰიგიენა და სხვ. რასაკვირველია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული დადებითად მოქმედებს პაციენტების და მათი ახლობლების ყოველდღიურ განწყობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ნომერზე სამუშაო დღის 15:00-19:00 სთ.
Comments
Post a Comment